ვაზის გავრცელების არეალი

ვაზის გავრცელების არეალი

ვაზი ვაზისებრთა ოჯახის გვარია და 70-მდე სახეობას აერთიანებს, რომლებიც უმეტესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილად მიჩნეულია დასავლეთი აზია, კერძოდ, შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიები - ამიერკავკასია, შუა და მცირე აზია. გავრცელების არეალიც გარკვეულწილად შეზღუდულია და ჩრდილოეთ განედის 51 გრადუსს არ სცილდება, ისიც გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით. სამხრეთით იგი ვრცელდება სამხრეთ განედის 39 გრადუსამდე ჩილეში და სამხრეთ განედის 43 გრადუსამდე ახალ ზელანდიაში.

მევენახეობის ყველაზე მაღალმთიანი რაიონებია ბოლივიაში (2500-3000 მეტრი ზღვის დონიდან), დაღესტანში (1400 მ), აზერბაიჯანში (1300 მ). ტროპიკულ სარტყელში ვაზის ვეგეტაცია უწყვეტად მიმდინარეობს, რაც წლის განმავლობაში ორი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მთელ მსოფლიოში ვაზის ნარგავების ფართობები სტაბილური სახით 10 მლნ ჰექტარს აღწევდა, რაც სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული ფართობის 0,7% შეადგენდა.

მსოფლიოში ვაზის 4000-მდე ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს, ყურძნის შეფერილობას, სიმწიფის პერიოდს, მოსავლიანობას და სამეურნეო მიმართულებას.

საქართველოში, თვალსაჩინო მეცნიერთა აღწერით, ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, თეთრა, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვ. სუფრის ჯიშებიდან - გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული და სხვ. ჩვენში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა გავრცელებული და მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 225-260 დღემდე აღწევს. მისი ზრდა-განვითარება 8 გრადუს ცელსიუსის ქვევით ჩერდება, 25-30 გრადუს ცელსიუსზე ნორმალურად მიმდინარეობს, 40 გრადუს ცელსიუსის ზევით კი კვლავ წყდება. ვაზის ჯიშების უმრავლესობა 14-15 გრადუს ყინვას იტანს.

No comments:

Post a Comment